Tags

, , , , , ,

შვიდი გარემოა…

ჰაერში წიგნის სუნი ირევა…

ფანჯრიდან შემოსულ მზის სხივებს დიდი, მწვანე ფოთლები ფარავს…

ჭერი ოქროსფრადაა მოხატული…

ჩამოგრძელებული, ძველებური ჭაღების გასწვრივ ორმოციოდე ადამიანი შემოსხდომია მაგიდას და წიგნის კითხვითაა გატაცებული.

ეს პატარა ოჯახი საჯარო ბიბლიოთეკის სამკითხველოში ცხოვრობს. იმ ოთხ კედელს შუა, რომელთაგანაც თითოეული უდიდეს ისტორიას იტევს.

საათი, რომელიც წიგნის კითხვაში შეუმჩნევლად გასულ დროს გვიჩვენებს და ილიას ნახატი, რომელიც რაღაცნაირად ამ უდიდესი მწერლის ფიქრებს გვიზიარებს და გვეუბნება: „ გონიერი კაცი იგივე წიგნიაო“ აქაური სამკითხველო გარემოსთვის დამახასიათებელი ნივთებია.

ბიბლიოთეკაში ხომ თითოეულ ნივთსა და დეტალს თავისი ისტორია აქვს. მათ თავიანთი არსებობის მანძილზე დიდ ზეწოლას გაუძლეს და ამისდა მიუხედავად, დღეს ჩვენთან არიან, იმისთვის რომ წიგნებსა და ადამიანებს შორის თვალით უხილავი კონტაქტი დაამყარონ და რომ ადამიანმა შეიყვაროს წიგნი, როგორც თავისი საუკეთესო მეგობარი.აქ მყოფი თითოეული ადამიანის გონება ახლა კითხვაშია გართული. გაფაციცებული თვალებითა და დაბნეული მზერით, დაღლილი გამომეტყველებითა და ხელზე ჩამობჯენილი თავებით, ისინი ცდილობენ ცოტა ხნით მაინც მოწყდნენ ცხოვრების მწარე რეალობას და გადაეშვან სულ სხვა სამყაროში.

გარშემომყოფთაგან ყველა განსხვავებულია…

მძიმე წარსულით თუ ლაღი ბავშვობით, ძლივს–ძლივობით შეგროვებული ფულით თუ დიდი დანაზოგით, მხრებზე ჩამოყრილი ოქროსფერი კულულებითა თუ მუქი წვერ–ულვაშით.

აქ ნახავთ ყველას…

მოხუცს თუ ახალგაზრდას, მხარბეჭიანს თუ წვრილს, თხელს თუ მოდიდოს.

სიტყვები არ გეყოფათ მათი აღწერისთვის: ამაყი, უყურადღებო, ჩაფიქრიანებული…

მაგრამ, არის რაღაც რაც ყველა აქ ყოფ ადამიანს აერთიანებს და ეს, წიგნის სიყვარულია.

თუ თქვენ ჯერ კიდევ არ ხართ წიგნზე შეყვარებული, წინასწარ გილოცავთ, თქვენ წინ დიდი სიამოვნება გელით…

Advertisements